ჟურნალი ნომერი 1 ∘ ბექა კვაჭაძე აღმოსავლეთსა და საქართველოში ლუდოვიკო ბოლონიელის ელჩობის ისტორიის ორი საკითხის ახლებური გააზრება1453 წელს ბიზანტიის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. მის ადგილზე ოსმალეთის იმპერიის სახით საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე პირველხარისხოვანი ფაქტორი გაჩნდა. იმთავითვე აშკარა იყო, რომ ევროპის სახელმწიფოებისათვის ოსმალეთი რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა. დაიწყო ანტიოსმალური კოალიციების ხანა, რომლის ინიციატორად წმინდა ტახტი გამოვიდა.
1453 წლის 10 სექტემბერს კარდინალთა სპეციალურმა კომისიამ ანტიოსმალური სტრატეგიის ორი გეგმა მოამზადა: პირველი ითვალისწინებდა აპენინის ნახევარკუნძულის დაცვას, ხოლო მეორე–საერთო ევროპული მასშტაბის ძალებით ოსმალეთის სახელმწიფოს განადგურებას [Brandmuller, 1995: 1-19]. მასში გარკვეული ადგილი ეჭირა აღმოსავლეთის ქრისტიანულ სამყაროს, რომელიც უკანასკნელი იმედით უყურებდა დასავლეთს [Brandmuller, 1995: 20-22].
ამავე წლის 30 სექტემბერს პაპის კურიამ გამოსცა ბულა ოსმალების წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობის შესახებ [Miglio; პაიჭაძე, 1989:55]. პაპმა ყველა ქრისტიან მმართველს მოუწოდა საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანებისაკენ. ერთი წლის მანძილზე რეგენსბურგში (1454 წლის აპრილი), ფრანკფურტსა (1454 წლის ოქტომბერი) და ვინერ–ნოიშტადტში (1455 წლის თებერვალი) გამართულმა რაიხსტაგმა ვერ შეძლო ევროპის მესვეურებს შორის თანხმობის მიღწევა [Brandmuller, 1995: 22-30]. ამდენად, პაპ ნიკოლოზ V–ის მცდელობის მიუხედავად, ოსმალთა ექსპანსიის წინააღმდეგ ძალების გაერთიანება ვერ მოხერხდა.
ასე რომ, პაპი ნიკოლოზ V ოსმალების წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობის წინადადებით გამოვიდა. ამ იდეის მომხრე ტორკვატო ტასო ოსმალებთან ომს ერთიანი ევროპისა და აზიის სტრატეგიულ ამოცანად განიხილავდა [Duroselle, 1965: 78], მაგრამ „...მაშინ ქრისტიანული ერთობა მხოლოდ სიტყვით არსებობდა“ [Ковальский, 1991: 164]. ამდენად, პირველი ანტიოსმალური ლიგის შექმნის ინიციატორი პაპი ნიკოლოზ V იყო. მომდევნო პაპი კალიქსტუს III წინამორბედის პოლიტიკას აგრძელებდა, მაგრამ რეალური ნაბიჯები პაპმა პიუს II გადადგა. მან აღნიშნული მიზნით „... ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებში...“ ლუდოვიკო ბოლონიელი გაგზავნა. 1458 წლის 4 ოქტომბერს პაპი პიუს II ლუდოვიკოს წერდა: „სარწმუნო მოხსენებიდგან ვსცანით, რომ ჩვენთა წინა მოსაყდრეთა ნიკოლოზ V და კალიკსტო III რომის პაპათა მიერ თქვენ წარიგზავნევით ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებში ქრისტიანებრივის სარწმუნოებისა და სამოციქულოთა საყდრის პატივის საქმეთა გამო“ [თამარაშვილი, 1902: 51]. აღმოსავლეთის „ქრისტიანულ ქვეყანებში“ უდავოდ საქართველოც უნდა ვიგულისხმოთ. ჩანს, დასავლეთმა მყისიერად „გაიხსენა“ ქრისტიანული აღმოსავლეთი და, უპირველეს ყოვლისა, საქართველო, როგორც სტრატეგიული მოკავშირე, რომლის სისწორე შემდგომმა მოვლენებმაც დაადასტურა.
ეჭვს არ იწვევს, რომ პაპის ნუნციომ ლუდოვიკო ბოლონიელმა აღმოსავლეთში ანტიოსმალური კოალიციის იდიეის ქადაგებაში გარკვეული როლი შეასრულა. ამ მხრივ მისი აღმოსავლეთში დიპლომატიური საქმიანობის მთელი რიგი დეტალები 1457 წლამდე უცნობია. მიუხედავად ამისა, ჩვენს ხელთ არსებული მწირი ცნობების საფუძველზე შევეცდებით სავარაუდო სურათის აღდგენას.
მოკლედ, პაპის ნუნციოს რანგში ლუდოვიკო ბოლონიელზე პირველი ცნობა ჩნდება პაპ კალიქსტუს III–ის 1457 წლის იანვრის წერილში, რომელიც ასე მიმართავს მას: „ჩვენს საყვარელ შვილს ლუდოვიკო და ბონომიას (ლუდოვიკო ბოლონიელს – ბ.კ.), ნეტარი ფრანცისკეს ორდენის რეგულარულ მსახურს, ჩვენს ნუნციოს“ ( „Dilecto filio Ludovico de Bonomia fratri Ordinis beati Francisci de Observantia regulari. Nuncio nostro”.) [Waddingo, 1735: 26]. ამ წერილის შინაარსიდან შემდეგი იკითხება: „აღმოსავლეთში ლუდოვიკო გაიგზავნა იმავე პაპ კალიქსტუს III–ის მიერ ორი წლის წინათ (ე.ი. 1455 წელს – ბ.კ.) პონტიფიკის ნუნციოდ მუსლიმების წინააღმდეგ ერთიანი მოქმედების კონკრეტული ამოცანის მისაღწევად „ჩვენს უძვირფასეს შვილ კონსტატანტინე ზარა იაკობთან, ეთიოპიის სამეფოს ბრწყინვალე ქრისტიან მეფესთან“ („carissimum filium nostrum Constantinum Zara-Jacob regni Aethiopiae Regnum illustrem, Christianum”), რომელსაც წარმატება არ მოჰყვა. მიუხედავად ამისა, მას ჰქონდა შესაძლებლობა დაკავშირებოდა „სპარსეთსა და სხვა სამეფოებს... მოსახლეობით მრავალრიცხოვან ბევრ ქრისტიან მეფეს“ („Persarum, et alia Regna….multosque illorum Reges. Principer et populous Christianos”) და პაპს წერილები ჩამოუტანა. გარდა ამისა, რომში ჩამოიყვანა რვა ეთიოპელი ბერმონაზონი, რომელთაც შეხვდა ეგვიპტეში და მათ იმპერატორთან წაყვანა შესთავაზა [Waddingo, 1735: 60].
როგორც ვხედავთ, პაპმა კალიქსტუს III-მ ლუდოვიკო ბოლონიელი 1455 წელს გაგზავნა ეთიოპიაში იმპერატორ ზერა იაკობთან კონკრეტული დავალებით. ამდენად, სწორი არ უნდა იყოს მკვლევარ დ.პაიჭაძის აზრი, რომ „...1456 წლის დამდეგს ლუდოვიკო გზას გაუდგა ეთიოპიის ქრისტიან მეფე კონსტანტინე ზარა–იაკობთან...“ [პაიჭაძე, 1989: 81]. რადგან პაპის ხსენებულ წერილში აღნიშნულია, რომ ლუდოვიკო „ორი წლის წინათ“ გაგზავნა, მაშინ ცხადია, ის ეთიოპიაში 1455 წელს გამგზავრებულა. ეს ფაქტი ეჭვს ეარ იწვევს, მაგრამ არის ერთი დაბრკოლება. კერძოდ, ლუდოვიკო ბოლონიელი აღმოსავლეთის ქრისტიანებთან ანტიოსმალური კოალიციის შექმნის ამოცანებით არა მხოლოდ პაპმა კალიქსტუს III–მ, არამედ, მისმა წინამორბედმა პაპმა ნიკოლოზ V–მ გაგზავნა.
როგორც ირკვევა, პაპმა ნიკოლოზ V–მ 1454 წლის 28 მარტის ბულით –„აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის მხარეებს“ („ad partes Septentrionales Orientalesque”) [Waddingo, 1735: 60] ლუდოვიკო ბოლონიელს, რომელიც იერუსალიმში ცხოვრობდა [თამარაშვილი, 1902: 56] დიპლომატიური ამოცანა დაუსახა და აღმოსავლეთში გაგზავნა. აქ ნახსენები არ არის ეთიოპია, რაც კალიქსტუს III-სათვის მთავარი მიზანი იყო. ეს ფაქტი გვარწმუნებს, რომ ლუდოვიკო ბოილონიელი, რომელიც იერუსალიმში ცხოვრობდა, პაპმა ნიკოლოზ V გაგზავნა ანტიოსმალური კოალიციის შექმნის გეგმით. თუ პაპ ნიკოლოზ V-ის 1454 წლის 28 მარტის ბულას, ამოსავალად მივიჩნევთ, მაშინ ლუდოვიკო ბოლონიელი ამ წელს იწყებს მოქმედებას, მაგრამ ჯერჯერობით ძნელია იმის მტკიცება, რომ ის 1454 წელს იყო თუ არა საქართველოში. მაგრამ იმის დასაბუთება შეიძლება, რომ 1455 წელს ეთიოპიაში დიპლომატიური მისიით მყოფი ლუდოვიკო ეწვია საქართველოს და ანტიოსმალური კოალიციის შექმნის იდეას ქადაგებდა. ეს უნდა ყოფილიყო 1455-1456 წლებს შორის. აქედან ლუდოვიკო ჩავიდა რომში, ალბათ, 1456 წელს, რადგან კალიქსტუს III-ის 1457 წლის იანვრის წერილიდან ვიგებთ, რომ პაპი მას ისევ აგზავნის აღმოსავლეთში, კერძოდ, სპარსეთსა და საქართველოში.
აქვე გვინდა ერთ საკითხზეც შევჩერდეთ. როგორც ადრესატისადმი პაპის წერილის მიმართვის შინაარსიდან ჩანს, იგი მიწერილი იყო სპარსეთისა და საქართველოს სამეფოში მცხოვრები კათოლიკეებისადმი. რაც შეეხება სპარსეთის ქრისტიანულ სამეფოს („...Regnis Persiae…”) მასში უნდა ვიგულისხმოთ XIII საუკუნიდან არსებული სულთანიეს საეპისკოპოსო და „აღმოსავლეთ თათრეთის“ („Tartaria Orientalis”) ფრანცისკანელთა ვიკარიატი, რომელიც ირანის არეალში შედიოდა და 12 მონასტერს ითვლიდა [Zattoni]. პაპის ამავე წერილში საუბარია, რომ ლუდოვიკომ „...მრავალი ქრისტიანი ხალხი და თემი იპოვა, რომელთაც სურთ, რომ ერთიანი რელიგიური წინამძღვარი ჰყავდეთ“ [Waddingo, 1735: 27]. „პაპი მოუწოდებს მათ (აღმოსავლეთის კათოლიკეებს – ბ.კ.) აირჩიონ რომელიმე პირი ან იქაური ანდა აქაური პატიოსანი, განსწავლული, ქრისტიანულ წესებსა და ზნეობაში (ცხადია, იგულისხმება კათოლიკური – ბ.კ.) კარგად გაწვრთნილი“ და ვისაც დაასახელებდნენ, მას აირჩევდნენ [თამარაშვილი, 1902: 51; თამარაშვილი, 1995: 510].
მოხმობილი წყარო გვაძლევს საუძველს დავასკვნათ: ლუდოვიკო ბოლონიელი 1457, ახლა მეორედ, ეწვია საქართველოს და დაიწყო ანტიოსმალური იდეის ქადაგება. ამისათვის მას საქართველოში ნაყოფიერი ნიადაგი დახვდა. ქართველმა პოლიტიკოსებმა და საქართველოს პატრიარქმა დავით IV–მ (1443/1447–1459) ლუდოვიკო ბოლონიელის ანტიოსმალურ იდეას მხარი მხურვალედ დაუჭირეს. ამის შესახებ პაპ პიუს II–ის მიერ ლუდოვიკოსადმი 1458 წლის 4 ოქტომბერს მიწერილ წერილში ვკითხულობთ: „მღვდელთ მთავრები, მეფენი და ეგრეთვე ქრისტიანე ერი... რომის ეკლესიას პატივსცემენ, აღიარებენ, ჰსწამთ და კიდევაც ჰქადაგებენ, რომის პაპი სააქაოს ქრისტეს ნაცვალი და პეტრე მოციქულის მოსაყდრეა: მათ შორის არიან... ეგრეთვე ქართველთ კათალიკოსი, მეფე სპარსეთისა (გიორგი), იმპერატორი ტრაპეზუნტისა და ეგრეთვე სპარსეთის ერი (ქართლის ერი), რომლებიც ეკლესიის წესსა და დოგმატებზე შეერთებულნი არიან და რომლებიც პატივსცემენ წმინდა ფრანჩისკეს მონაზონებს...“ [თამარაშვილი, 1902: 52].
წყაროს ამ ცნობიდან ბევრი რამ სადავოა, მაგრამ ჩვენ ამჯერად შემდეგზე შევჩერდებით: შეუძლებელია ვირწმუნოთ, რომ „მრავალ კათოლიკე ერსა და მეფეში“ ქართველი მესვეურები იგულისხმებიან, როგორც ეს პატ. მ.თამარაშვილს მიაჩნია. [თამარაშვილი, 1902: 52]. ასევე ვერ გავიზიარებთ მის აზრს, რომ „... საქართველოს კათალიკოსი (ალბათ, დავით IV – ბ.კ.) კათოლიკე იყო“ [თამარაშვილი, 1902: 52]. ამავე წყაროს საფუძველზე უეჭველია, რომ საქართველოს კათალიკოსი სრულად იზიარებდა ანტიოსმალური ბრძოლის იდეას და ქართული სახელმწიფოს პოზიციებს აქტიურად უჭერდა მხარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის კათოლიკე იყო.
აქვე საჭიროდ მივიჩნევთ განვმარტოთ, თუ რას ნიშნავს დასახელებულ წერილში ლუდოვიკომ „...მრავალი ქრისტიანი ხალხი და თემი იპოვა, რომელთაც სურთ, რომ ერთიანი რელიგიური წინამძღვარი ჰყავდეთ“. ამ ცნობაში ბევრი რამ ბუნდოვანია. კერძოდ, ვინ იგულისხმება მრავალ ქრისტიან ხალხსა და თემში, რომელთაც სურდათ, რომ ერთი რელიგიური წინამძღვარი ჰყოლოდათ? ცხადია, ამაში მარტო საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები არ უნდა მოვიაზროთ. უფრო საფიქრებელია, რომ მასში აღმოსავლერთში მცხოვრები კათოლიკეები იგულისხმებიან. ეს თავისთავად ბადებს შემდეგ კითხვას: რომელი დიოცეზის წინამძღვარი ანუ პატრიარქი უნდა ყოფილიყო ლუდოვიკო? ამ კითხვაზე უეჭველი პასუხის გაცემა მეტად ძნელია წყაროების უქონლობის გამო. თუ ანტიოქიის კათოლიკეთა პატრიარქს ვიგულისხმებთ, ასეთი რამ გამორიცხული იყო, რადგან ამ დროს ანტიოქიის კათოლიკე პატრიარქის ტახტი თავისუფალი არ იყო. ჩვენ უფრო შემდეგს ვფიქრობთ: ლუდოვიკო ბოლონიელმა საკუთრივ შეიმუშავა ასეთი გეგმა. კერძოდ, მან მოინდომა, რომ სპარსეთის, საქართველოს და აღმოსავლეთის სხვა კათოლიკეების პატრიარქად წამოეყენებინა საკუთარი თავი და ეს უფრო მისი ინიციატივა იყო, ვიდრე ქართველი ან სხვა აღმოსავლელი პოლიტიკოსების მიზანი. ამ ეტაპზე განუსაზღვრელი იყო დიოცეზის სტატუსი და იგი ზოგადად ამიტომ არის დასახელებული. ვიმეორებთ, ეს უფრო ლუდოვიკო ბოლონიელის ამბიციების შედეგი იყო, რასაც ანტიოსმალურად განწყობილ ქრისტიან მესვეურთა შორის, ალბათ, ერთსულოვანი გადაწყვეტილება მოჰყვა.
აქვე უნდა დავაზუსტოთ ერთი ფაქტი. კერძოდ, რამდენად სწორია წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით მ. თამარაშვილის იმგვარი ინტერპრეტაცია, რომ ლუდოვიკო ბოლონიელი ქართველმა მესვეურებმა საქართველოს პატრიარქად დაადგინეს. მოვიხმობთ წყაროს: პაპი კალიქსტუს III 1457 წლის 19 დეკემბრის წერილში წერს; „ ჩვენმა ნუნციომ (იგულისხმება ლუდოვიკო ბოლონიელი – ბ.კ.) მოგვახსენა კვალად ერთი თქვენი (საქართველოს კათოლიკეების – ბ.კ.) სათხოვარი, სახელდობრ: თქვენს უფროსად და წინამძღვრად ვისაც თქვენ აირჩევთ ჩვენთაგანს (ევროპელს) ანუ თქვენთაგანს (მანდაურს) დავამტკიცოთ იგი“ [თამარაშვილი, 1902: 52].
მოხმობილი წყაროდან აშკარაა, რომ საქართველოს კათოლიკეები „უფროსის ანუ წინამძღვრის“ დადგენას ითხოვდნენ. აქ ნახსენები არ არის სიტყვა პატრიარქი, ანუ საუბარი არ არის იმაზე, რომ ითხოვდნენ საქართველოს კათოლიკეთა პატრიარქის დანიშვნას. ისმება კითხვა: რა უნდა ვიგულისხმოთ სიტყვა „უფროს“–ში, პატრიარქი თუ ეპისკოპოსი? თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ამ პერიოდში თბილისში არსებობდა კათოლიკეთა საეპისკოპოსო [პაპაშვილი, 1995: 98–99], ხომ არაა შესაძლებელი ვიფიქროთ, რომ საქართველოს კათოლიკეები ითხოვდნენ თბილისის ეპისკოპოსის დანიშვნას? ამ კითხვაზე ამჯერად პასუხის გაცემა გვიჭირს, რადგან ყვარყვარე II ჯაყელ ათაბაგი ბურგუნდიის ჰერცოგისადმი 1459 წლის ნოემბერში მიწერილ ლუდოვიკო ბოლონიელს „...ჩვენი ბატონი პატრიარქის...“ სახელდებით იხსენიებს [თამარაშვილი, 1902: 58]. საქართველოს მეფე გიორგი VIII ბურგუნდიის ჰერცოგისადმი იმავე წლის ნოემბერის თვეში მიწერილ წერილში ლუდოვიკო ბოლონიელს იმავე რანგში ასახელებს [თამარაშვილი, 1902: 60]. ამაზე დაყრდნობით. მ.თამარაშვილი დაასკვნის: „მაშ გიორგიმ (საქართველოს მეფე გიორგი VIII – ბ.კ.) და ყვარყვარემ (სამცხის ათაბაგი ყვარყვარე II ჯაყელი – ბ.კ.) აირჩიეს იგი (ლუდოვიკო ბოლონიელი – ბ.კ.) თავიანთ პატრიარქად...“ [თამარაშვილი, 1902: 62].
ამდენად, გვიჭირს დავეთანხმოთ მ. თამარაშვილის აზრს, რომ საქართველოს მეფემ გიორგი VIII–მ და სამცხის ათაბაგმა ყვარყვარე II ჯაყელმა „თავიანთ პატრიარქად“ აირჩიეს ლუდოვიკო ბოლონიელი. ცხადია, „თავიანთ პატრიარქად“–ში არ იგულისხმება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი. მაშინ დგება კითხვა: ვის პატრიარქად აირჩიეს ლუდოვიკო ბოლონიელი ქართველმა მესვეურებმა? ისევ მივმართავთ წყაროს. 1460 წელს პაპ პიუს II–ს აღმოსავლელმა ელჩებმა (იყვნენ ხუთი) მოასხსენეს შემდეგი: „...აწ მხოლოდ ამას გთხოვთ, რომ ლუდოვიკე, რომელმაც აქ მოგვიყვანა, დაადგინოთ პატრიარქად იმათზე, ვინც აღმოსავლეთში რომის წესს (ე.ი. კათოლიკურ აღმსარებლობას – ბ.კ.) მისდევენ და თქვენ საყდართან შეერთებულნი არიან“ [თამარაშვილი, 1902: 62].
ვფიქრობთ, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ადვილია იმ დასკვნის გაკეთება, რომ ქართველმა მესვეურებმა ლუდოვიკო ბოლონიელი აღმოსავლეთში კათოლიკეთა პატრიარქად დაასახელეს, რაც რომის პაპს უნდა დაემტკიცებინა. სწორედ ამას თხოვდნენ პაპს აღმოსავლელი, მეტადრე ქართველი ელჩები. შეუძლებელია კოალიციაში შემავალ პოლიტიკოსებს თავად დაესვათ საკითხი ლუდოვიკო ბოლონიელის აღმოსავლეთის კათოლიკეთა პატრიარქად დანიშვნის შესახებ. მიზეზი მარტივია: ეს მათ ხელთ არ ეწიფებოდათ. ასეთი საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ წმიდა ტახტის უფლებებში შედიოდა. თუკი ლუდოვიკოს დანიშვნა აღმოსავლეთის კათოლიკეთა პატრიარქად კოალიციის წევრებმა გადაწყვიტეს, მაშინ ეს პირდაპირი ავანტიურა იყო. შესაძლებელია, სწორედ ამის გამო შეჰქონდა პაპ პიუს II–ს ლუდოვიკოს პიროვნებაში ეჭვი, რაც შემდგომ კვლევას საჭიროებს. საკუთრივ კი პაპმა შექმნილ ვითარებაში, როცა დასავლეთის პოლიტიკოსებმა რეალურად არაფერი გააკეთეს ანტიოსმალური კოალიციის შესაქმნელად, გაითვალისწინა ქართველი ელჩების თხოვნა და 1461 წლის 9 იანვარს ლუდოვიკო ბოლონიელი ანტიოქიის პატრიარქად დანიშნა [Zattoni].
ამრიგად, ჩატარებული კვლევის შედეგად დავასკვნით: პაპმა ნიკოლოზ V–მ ლუდოვიკო ბოლონიელს, რომელიც 1450 წლიდან იერუსალიმში იმყოფებოდა, 1454 წელს „ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებში“ ანტიოსმალური კოალიციის შექმნის წინადადებით დიპლომატიური მისის შესრულება დაავალა. უცნობია ლუდოვიკო ბოლონიელი ეწვია თუ არა ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს, კერძოდ, საქართველოს. მომდევნო პაპმა კალიქსტუს III ლუდოვიკო ბოლონიელი 1455 წელს გაგზავნა ეთიოპიაში იმპერატორ ზერა–იაკობთან ანტიოსმალური კოალიციის შექმნის მიზნით, მაგრამ უშედეგოდ. 1455 წლის პირველ ნახევარში ლუდივიკო ბოლონიელი ეთიოპიიდან ჩამოვიდა საქართველოში, სადაც ანტიოსმალური განწყობილება დახვდა. საქართველოდან ლუდოვიკო ბოლონიელი 1456 ჩავიდა რომში. 1457 წლის იანვრის შემდეგ იმავე პაპმა ლუდოვიკო ბოლონიელი გაეგზავნა საქართველოსა და სპარსეთში ანტიოსმალური კოალიციის შექმნის წინადადებით, მაგრამ უცნობია 1459 წლის პირველ ნახევრამდე ის იმყოფებოდა თუ არა საქართველოში.
ლუდოვიკო ბოლონიელმა თვითონ შეიმუშავა აღმოსავლეთის კათოლიკეთა პატრიარქად საკუთარი თავის არჩევის გეგმა. ეს მისი ამბიციების შედეგი იყო, ვიდრე ანტიოსმალურად განწყობილ ქართველ მესვეურთა გადაწყვეტილება. აღმოსავლელმა ქრისტიანმა მმართველებმა ეს ისეთ დიპლომატიურ საშუალებად დასახეს, რომ პაპობას და დასავლელ მოკავშირეებს მათი გადაწყვეტილება საერთო ქრისტიანული საქმისათვის ზრუნვად მიეჩნიათ, რომლის მიზანი საერთო ძალებით კონსტანტინოპოლის აღდგენა იყო. საკუთრივ კი პაპმა პიუს II-მ შექმნილ ვითარებაში, როცა დასავლეთის პოლიტიკოსებმა რეალურად არაფერი გააკეთეს ანტიოსმალური კოალიციის შესაქმნელად, გაითვალისწინა ქართველი ელჩების თხოვნა და 1461 წლის 9 იანვარს ლუდოვიკო ბოლონიელი ანტიოქიის პატრიარქად დანიშნა, მაგრამ მას ეს ტახტი არ დაუკავებია.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. თამარაშვილი მ. 1902. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფილისი.
2. თამარაშვილი მ. 1995. ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, თბილისი.
3. პაიჭაძე დ. 1989. ევროპის ქვეყნების ანტიოსმალური კოალიცია და საქართველო, თბილისი.
4. პაპაშვილი მ. 1995. საქართველო-რომის ურთიერთობა, თბილისი.
5. Brandmuller W. 1995. Die Reaktion Nicolaus V auf den Fall von Konstantinopel// Romisvhe Quartalschhrif. Bd. 90.
6. Duroselle J.-B. 1965. L’idee d’Europe dans l’histoire. Paris.
7. Miglio Massimo. Nicolo V. www.treccani.it/enciclopedia/nicolo-v_%28Enciclopedia-dei-Papi%29/
8. Waddingo Lucca, 1735. t. XIII. Annales minorum.., Romae.
9. Zattoni Piero, Ludoviko da Bologna: un frate intraprendente http://www.pierozattoni.it/pdf/Ludovico%20da%20Bologna_%20un%20frate%20intraprendente.pdf
10. Ковальский Ян Веруш. 1991. Папы и Папство, Москва.